ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული სისტემური და კომპლექსიური ფსიქოლოგიური ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლებიც მიმართულია ინდივიდის დარღვეული ფსიქიკური ფუნქციების კომპენსაციაზე, აღდგენასა და თუ ჩანაცვლებაზე.
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საფუძველია ნეიროფსიქოლოგიური სინდრომული ანალიზი ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით. კერძოდ, პირველ რიგში გაანალიზდება შენახული და დარღვეული თუ დეფიციტური ფსიქიკური ფუნქციები, გამოიყოფა მათ საფუძვლად მდებარე ნეიროფსიქოლოგიური ფაქტორები, ტარდება კონკრეტული ფსიქიკური ფუნქციის სტრუქტურული ანალიზი — რომელ კომპონენტშია დეფიციტი და ამის საფუძველზე აიგება დახმარების პროგრამა.
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს, მათი მიღწევის მეთოდებს და კონკრეტულ სავარჯიშოებს. პროგრამა აგებულია კონკრეტული ინდივიდის ინტერესების, მოტივაციის თუ მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მოქნილია და ითვალისწინებს ინდივიდის ემოციურ მდგომარეობას, მისთვის ნდობის და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ბავშვებში ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თამაშით ხორციელდება და დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის ემოციურ ჩართულობას.
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ზრდასრულებში ეფექტურია:
- ინსულტის შემდგომ განვითარებული აფაზიის (ენისა და კომუნიკაციის დარღვევების), ამნეზიის (მეხსიერების დარღვევების), აპრაქსიების (ნებითი მოტორული მოქმედებების დარღვევების), აგნოზიების (აღქმის დარღვევების) შემთხვევებში;
- ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ განვითარებული ფსიქიკური ფუნქციონირების დარღვევების შემთხვევაში;
- დემენციების შემთხვევაში.
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ბავშვებში ეფექტურია:
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევის შემთხვევებში;
- დისლექსიის, დისკალკულიის და დისგრაფიის შემთხვევებში;
- დისპრაქსიის და მოტორული კოორდინაციის დარღვევის შემთხვევაში;
- ასპერგერის სინდრომის შემთხვევაში;
- ენობრივი უნარების განვითარების დარღვევის რეზიდუალური მდგომარეობის შემთხვევაში;
- სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწვეული განვითარების ეტაპების დაყოვნების შემთხვევაში.
