რა არის ნეიროფსიქოლოგია?

ნეიროფსიქოლოგია ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის თავის ტვინის და მისი ქცევის, შემეცნებითი და ემოციური პროცესების კავშირს. მისი მიზანია თავის ტვინის ფუნქციონირების განსხვავებული დეფიციტის პირობებში ბავშვისა და ზრდასრულის შემეცნებითი, ნებელობითი და ემოციური ფუნქციების დარღვევის და მათ საფუძვლად მდებარე ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლა.

კლინიკური ნეიროფსიქოლოგია შეისწავლის ნეიროგანვითარებითი დარღვევების, თავის ტვინის დაზიანებით თუ დისფუნქციით გამოწვეული ნევროლოგიური მდგომარეობების მქონე პირების ფსიქიკური ფუნქციონირების განსხვავებულ გამოვლინებებს, ნეიროფსიქოლოგიურ სინდრომებს და სიმპტომებს, ფსიქიკური ფუნქციების დარღვევის კანონზომიერებებს.

ვინ არის კლინიკური ნეიროფსიქოლოგი?

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მქონე ფსიქოლოგია, რომელსაც აქვს მაგისტრის დიპლომი კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში და მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინტენსიური სუპერვიზიით. კლინიკური ნეიროფსიქოლოგის განათლება ინტერდისციპლინურია, ის მოიცავს ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ნევროლოგიის, ფსიქიატრიის, ნეიროფსიქოლოგიის თანამედროვე მიღწევების, ფუნდამენტური თეორიული საკითხების ცოდნას, კვლევით და ასევე პრაქტიკულ ჩვევებს ნეიროფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებაში, რეაბილიტაციასა და კონსულტირებაში.

ასევე კლინიკური ნეიროფსიქოლოგი შეიძლება იყოს მაგისტრის ხარისხის კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქოდიაგნოსტი, რომელსაც აქვს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინტენსიური სუპერვიზიით.

რას აკეთებს ნეიროფსიქოლოგი?

ნეიროფსიქოლოგიური შეფასება იყენებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ ტესტს თავის ტვინის ფუნქციონირების შესაფასებლად ინდივიდის აღქმის, მეხსიერების, ყურადღების, ინტელექტის, პრობლემის გადაჭრის, მოტორული უნარების, ენისა და მეტყველების სხვადასხვა ასპექტების შესწავლის გზით.
დიაგნოსტირება

აფასებს სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწვეულ ნეიროფსიქოლოგიურ გამოვლინებებს: აგნოზიებს, აფაზიებს, ამნეზიებს, აპრაქსიებს, ადიფერენცირებს მათ სინდრომებს.

აფასებს ქალა-ტვინის ტრავმის, დემენციების, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დარღვევების თუ ინტოქსიკაციის შედეგებს და ატარებს დიფერენცირებულ დიაგნოსტირებას.

აფასებს ნეიროგანვითარებითი დარღვევების დროს სხვადასხვა მდგომარეობებს და ახორციელებს მათ დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას: აუტიზმის, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობითი აშლილობის, დისლექსიის, დისკალკულიის, დისგრაფიის, დისპრაქსიის, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის და მისი რეზიდუალური შედეგების, სხვადასხვა გენეტიკური მდგომარეობებით გამოწვეულ შემეცნებით, ემოციური სფეროს და ქცევის დარღვევებს.

რეაბილიტაცია და კონსულტაცია ეხმარება სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ნეიროგანვითარებითი მდგომარეობით გამოწვეული ფსიქიკური ფუნქციონირების სირთულეების მქონე ინდივიდებს მათზე მორგებული, სისტემური და კომპლექსური ნეიროფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებით, მათი ოჯახების ფსიქოლოგიური მხარდაჭერითა და კონსულტირებით.

ნეიროფსიქოლოგი ახორციელებს ნეიროფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და კონსულტაციას უწევს ოჯახის წევრებს შემდეგი მდგომარეობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის:

  • ქალა-ტვინის ტრავმები;
  • ნეიროგანვითარებითი დარღვევები;
  • ნეიროდეგენერაციული დარღვევები;
  • ინსულტი და თავის ტვინის ვასკულარული დაზიანებები;
  • ეპილეფსიური სინდრომები;
  • ნეიროქირურგიული ოპერაციების შემდგომი მდგომარეობა;
  • გენეტიკური მდგომარეობები.